Wednesday, December 4, 2013

მიტოვებული სახლი დგას მთაში - ავტორი : ზაზა ნოზაძე

მიტოვებული სახლი დგას მთაში

მიტოვებული სახლი დგას მთაში
თავჩაქინდრული აღარვის ელის
გადაწურვია იმედი და შინ
აღარვინ ბრუნდება მეასე წელი
დაბერებული მოხრილი მხრებში
ვეღარ იკვეხნის აქ მისი კერით
დინჯად გართული ფიქრების მტვერში
გასცქერის მწვერვალს უთქმელი მზერით
მუხის მოკვეთა მოყვა ჩემ შობას
დღემდის ჩემშია მისი დინება
ქარი, ავდარი მიწევდა მტრობას
რაც ალბათ ჩემში ისევ ვლინდება
ვუყვარდი პატრონს, ჩემს ამშენებელს
არ ვაკარებდი მეც ნიავს ცივსა
თუნდაც მეუღლეს მის დამმშვენებელს
მე ვპატრონობდი, მე სახლი მთისა
ქალი ქალობდა, შემოდის გადის
ფაციფუცობდა, არ უჩივს ძალსა
და სანადიროდ მოტანილ ნადირს
დაახვედრებდა მდუღარე ქვაბსა
კაცი ტყეებზე, ველებზე გავლით
შრომობს, ვერ ნახავთ მოშვებულს, მწუხარს
და ჩეხდა შეშას, აქ ყოველ ღამით
ვაგიზგიზებდით შინაურ ბუხარს
ბედნიერებით ვტკბებოდით სამნი
ქალი, ქმარი და მე სახლი მთისა
და აღარ ქონდა საზღვარი ტკბობას
როცა გავიგე, ელოდნენ შვილსა
მეცხრე თვის მერე ვისროლეთ თოფი
მოყვა ქეიფი დაბადებულსა
გამოიცალა ათასი დოქი,
სწორედ ამ დღისთვის გადადებულსა
ვზარდეთ მთასავით ბიჭუნა მთაში
ვინ გამოითვლის მასზე ჩვენ ამაგს
და რომ დაკაცდა იფიქრეს მაშინ
მოდი ბიჭუნა გავუშვათ ქალაქს
გადაშლის წიგნებს, ისწავლის ენებს
და დაბრუნდება სწავლული მხარეს
და ის დღე მახსოვს, დამშვიდობების
ჩვენ ცრემლსა ვღვრიდით სამივე მწარეს
ჯერ სულ ყოველდღე წერილი მოდის
გვიხსნის, გვიყვება ქალაქის ამბავს
მერე ნელ-ნელა ცნობებმაც იკლო
ვფიქრობდით ალბათ თავს ვეღარ აბავს
დრო გადიოდა, წლები, თვეები
მხოლოდ წერილი, სიტყვა მცირედი
გადაუბერდა პატრონს ხელები,
და შვილის ნახვის ყველა იმედი
ნერვიულობით, სიბერით, დარდით
დიდ მონატრებით ამასთანავე
ჩემი მშობელი ორივე კარგი
ამ მოლოდინში დავასამარე
მოდის ყმაწვილი, ცოლით და შვილით
საფლავს უყურებს გამზრდელის მისას
და ცოტა ხანში ორივე ვტირით
ჩვენი ბიჭი და მეც სახლი მთისა
მეორე დღესვე მაკოცა ფიცარს
ვერ ვპატიობდი ბოდიშს თავიდან
დამადო კლიტე, ვითომ ეს მიცავს
თავის ოჯახთან ერთად წავიდა
მიტოვებული სახლი ვარ მთაში
თავჩაქინდრული აღარვის ველი
გადამწურია იმედი და შინ
არვინ ბრუნდება, მეასე წელი ...

ავტორი : ზაზა ნოზაძე



2 comments:

  1. აქამდე რატო არ ვიცოდი ამ ლექსის შესახებ შესანიშნავია

    ReplyDelete