ეს დღე შენც დაგიდგა
ავტორი : FuLA
მივიღე ალბათ ის რაც დავიმსახურე
ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი მე მაინც დავხურე
ზამთარს აქაური ქუდი კვლავ მე დავახურე
და ჩემი სახლის კარი ისევ გავიჯახუნე
მივდივარ უმისამართოდ და ვითვლი ნაბიჯებს
მხოლოდ ექვსი საათია მაგრამ უკვე ბნელა
მომექცენ უსამართლოდ და მე ეს მაგიჟებს
და მგონია რომ შენსავით ცივად მიმიღებს ყველა
ასეა როცა ბრმად მიენდობი იმედებს და
ყველაზე დიდი იმედი, უცებ გაგიმეტებს
განშორება ისე შეცვლის შენს ხასიათს რომ
შერიგება განწყობას ვეღარ გამოგიკეთებს
დაიწყებ კედლებიდან ნახატების ჩამოხსნას
და ოცდაოთხი საათი ამ ამოცანის ამოხსნას
ეცდები .. იწყებ ძიებას შენი თავის
და პიროვნული გაორება საგანია დავის
პერიოდულად სახეს იღებ ბრძენი მეიგავის
და რაღაც უცხო ძალა შენში შეშლილივით ბღავის
ამ დროს ცელსიუსი მინუსებში გადადის და
შენი სხეული ყინულის ქანდაკებას ემსგავსება
გძინავს, გესიზმრება კლოდ მონეს ხიდები და
შექსპირის მითები სიყვარულზე თემას ცდება
ძალა გამოცლილი გმობ შურისძიებას და
ცდილობ როგორმე ამ ღამეს გათენება მიებას
ელოდები როდის გთხოვს პატიებას
რა აზრი აქვს დაკარგული ღმერთის სახლიდან ძიებას
ახალ პიესას აღარ დაწერ არასოდეს და
შეიძლება ძველიც ორ წელიწადში არ გახსოვდეს ...
ვიწყებ მოძრაობას საათის ისრის მიმართულებით
სიმღერას ვწერდი არ მესმოდა რომ მიკაკუნებდით
თორემ გაგიღებდით კარს, მაგრამ უკვე გვიანია
გემშვიდობებით გრძნობებო, თქვენ აღარ დაბრუნდებით
შენ კი ხვდები მეგობარო, სიმართლეს ვეჯახებით
ჩვენ მას აღარ ვჭირდებით, მას აღარ ვენატრებით
გპირდები თავს არ მოგაბეზრებ ჩემი ქადაგებით
უბრალოდ გეტყვი, რომ სიკვდილი გრძელდება დაბადებით
შენ იბადები თავიდან, თავიდან იწყებ ზეიმს
და აღარ ეთანხმები ლეგენდარულ კურტ კობეინს
რომ თავის მოკვლა ღირდა, არ გინდა, შებინდდა
აცივდა და ბუხარს ანთებ, ელი ახალ რეისს
მერე ხედავ როგორ იწვიან ლექსები ცეცხლზე
სწორედ ის ლექსები, ერთ დროს რომ აფანატებდა
ყველა პოეტის ცხოვრებაში დგება ეს დღე
გილოცავ პოეტო, ეს დღე შენც გაგითენდა ...
No comments:
Post a Comment